აქტუალური
პრემიერი: კონკრეტული ელჩები ჩართულები არიან რადიკალიზაციის პროცესებში

 საქართველო, 16 სექტემბერი, საინფორმი. კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული მსგავს პროცესებში, ეს აზიანებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში.

გახსოვთ, 100 წლის წინ როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები და ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, რომ თავის დროზე ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული მსგავს პროცესებში, ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, რომელსაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა პრემიერმა.