პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს თანამშრომლობას

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ. ალან პერსელმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, უმასპინძლა ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციას და საქართველოს ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებს. დელეგაციამ ასევე მოინახულა ყაზახეთი და აზერბაიჯანი.

ვიზიტი ორგანიზებული იყო აშშ-ის კომერციის სამსახურის, AGBC, USACC და ყაზახეთის ამერიკის სავაჭრო პალატის თანამშრომლობით. ღონისძიებაზე დაესწრო ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

«ამერიკული ბიზნესების ვიზიტი ხაზს უსვამს ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას და რეგიონული კავშირების განმტკიცებას», – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.