ინდულგენციებით მოვაჭრე ხელისუფლება
თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური ატყობინებს საქინფორმს, თეთრების ლიდერ თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ „საქართველო საბოლოოდ ჩამოყალობდა პოლიციურ ქვეყნად, და ეს არის სამარცხვინო ყველა ქართველისათვის, ვისაც ღირსება გააჩნია. ნიღბიანი პოლიციელი – ეს არის ქართველი კაცისთვის სულში ჩაფურთხება. საერთოდ, ამ ქვეყანას ჰყავს ნიღბიანი ხელისუფლება“.
შაშიაშვილი თვლის, რომ „ქვეყანაში დაპატიმრებულთა და პრობაციონერთა რაოდენობის უპრეცედენტო მატება პირდაპირ არის დაკავშირებული პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის დაინტერესებაზე – სახელმწიფო ტერორის ფონზე რაც შეიძლება მეტი თანხები ამოიღონ საპროცესო შეთანხმების წყალობით, რათა ამ გზით მოიპოვონ დამატებითი სახსრები პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“.
თეთრების განცხადებით, ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ 2008 წელს 17 639 დანაშაულზე დაიდო 9 207 საპროცესო შეთანხმება, ხოლო 2010 წელს ასეთი შეთანხმებების შედეგად ამოღებულმა თანხამ 112 მილიონ 795 ათას 907 ლარი შეადგინა.
„საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი სულ უფრო ემგვანება შუა საუკუნეების სიუზერენს, რომელიც ინდულგენციას ყიდის ნებისმიერ დანაშაულზე, სამშობლოს ღალატისთვისაც კი“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.