საზოგადოება
ზუგდიდი, 31 აგვისტო, საქინფორმის კორ. ლადო ქირია. ანაკლიისა და განმუხურის მცხოვრებნი და დამსვენებლები ისევ ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს იმ ხიდით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ ერთი კვირის წინათ დიდი ზარ-ზეიმით – კონცერტითა და სალუტით – გახსნა, უწოდა რა მას „ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი“. პრეზიდენტის ჩანაფიქრით, ამ ხიდს ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა ანაკლია და განმუხური, მაგრამ მან მხოლოდ ერთ დღეს იარსება.
გავრცელებული ვერსიით, გათვალისწინებულია ხიდის დემონტაჟი, როდის აიგება ნამდვილი ხიდი, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ანაკლიისა და განმუხურის მცხოვრებთ და დამსვენებლებს, ისევ შემოვლითი გზით მოუწევთ ერთმანეთთან დაკავშირება.
P.S. ის კი გვახარებს, რომ პიარ-ხიდი მისი გახსნის დღეს არ ჩაინგრა – მასზე დადგმული თეთრი როიალითა და არგენტინიდან საპრეზენტაციოდ ჩამოსულ ქართველ სიმპათიურ პიანისტ გოგონასთან ერთად.