პოლიტიკა
მორიგი საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში

gerbiთბილისი, 31  აგვისტო, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, ცვლილება შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარტამენტებს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს.

კერძოდ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ფირან კალანდაძე დაინიშნა, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტსა და ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ თემურ გაბაიძე დაინიშნა, რომელიც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მოდებაძე დაინიშნა. მისი თანამდებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ოლეგ ბოლქვაძემ დაიკავა. ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა კობა ზაქარაია, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ დეპარტამენტს კი ქობულეთის ყოფილი გამგებელი ასლან ყურშუბაძე ჩაუდგება სათავეში. ქობულეთის გამგებელი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ცხომელიძე გახდა, მისი მოადგილე კი – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი რევაზ ხარაზია.

ცვლილება შეეხო ხელვაჩაურსაც. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან ლეონ თედორაძე გამგებლის მოადგილედ გადავიდა.