საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყოფილ ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილის გაწეული საქმიანობისთვის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია... მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას, განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის განვითარებაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტსა და მთავრობას ნდობისთვის და აღნიშნა, რომ უწყება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებაში.
„ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს... ამ საქმეში არცერთ უწყებას ისეთი როლი არ აქვს, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ყოფილმა ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა მდინარაძეს წარმატება უსურვა და თქვა: „ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სუს-ის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაუძღვება ამ სამსახურს“