საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას. ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
გახარიას თქმით, ხანგრძლივი ვიზა, რომელიც მან მიიღო, გულისხმობს ევროპაში ხანგრძლივი მუშაობის უფლებას, თუმცა მუშაობაში იგულისხმება პარტიული და საექსპერტო საქმიანობა და არა სამსახურის ძებნა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს თავშესაფარი, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური თავშესაფარი.
„ჩემი სტატუსი ბევრის საჭორაო თემა გახდა, ბევრს აღელვებს და აინტერესებს. არანაირი. მე აქ ვარ, დღეის მონაცემებით, რაც ატეხეს ერთი ამბავი ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ფორმალური პროცედურების სრული დაცვით ხანგრძლივი მოქმედების, მუშაობის ევროპაში. მუშაობაში მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას. მუშაობის, მათ შორის, პარტიის ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ნათელი და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“ – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, სწორია თუ არა, რომ ეს არის ბინადრობის უფლება მუშაობის უფლებით, გახარიამ დადებითად უპასუხა.
„კი, რა თქმა უნდა. აბა, ახლა მე რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან, მათ შორის, რა თქმა უნდა, მე ყველა ის ფორმალური საკანონმდებლო პროცედურები უნდა დავიცვა, რომლებიც მაძლევს ევროპაში ხანგრძლივი დარჩენისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას. რა არის აქ უჩვეულო ან გასაკვირი? კითხვა რაშია, ვერ ვხვდები. ყოველ შემთხვევაში, დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.