საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ჩინეთის „სტრატეგიული პარტნიორი“ საქართველო არ მიუწვევიათ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება და რომელსაც 26 ქვეყნის პირველი პირები დაესწრებიან.
ღონისძიებას, - რომელიც ემთხვევა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგ სამიტს, - პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით დაესწრებიან როგორც პარია სახელმწიფოების, ასევე შორი და შუა აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები.
ინფორმაცია, რომ ოფიციალური თბილისი აღლუმზე არ მიუწვევიათ, რადიო თავისუფლებას ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი ჩინეთში პოლიტიკურად დატვირთული პერიოდია - ჯერ იმართება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) მორიგი სამიტი ქალაქ ტიანძინში, შემდეგ კი დედაქალაქ პეკინში - გამარჯვების დღის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამარჯვების დღეს სწორედ 3 სექტემბერს აღნიშნავენ. ეს დღე აღინიშნება, როგორც „ჩინელი ხალხის ომის გამარჯვების დღე იაპონელი აგრესორების წინააღმდეგ და [გამარჯვების დღე] ანტიფაშისტურ მსოფლიო ომში“.
ჩინეთი ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, მრგვალ თარიღებს კი - განსაკუთრებული პომპეზურობით.
მასშტაბური აღლუმი გაიმართა 2015 წლის 3 სექტემბერს, როდესაც ომის დასრულებიდან 70-ე წელი აღნიშნეს. ასეთივე იქნება მე-80 წლისთავიც.
ოთხშაბათს დაგეგმილ 70-წუთიან აღლუმში 10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და ასეულობით სახმელეთო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
როგორც CNN-ი წერს, „შოუ ხაზს გაუსვამს ჩინეთის მზარდ სამხედრო ძალას სი ძინპინის ხელმძღვანელობის პირობებში“ და „იშვიათ შესაძლებლობას მისცემს დამკვირვებლებს, იხილონ ჩინეთის სწრაფად წინწასული სამხედრო ტექნოლოგიები“.
ჩინეთის ოფიციალური პირების თანახმად, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ შიდა წარმოების სამხედრო ტექნიკა, მათ შორის: უახლესი დრონები; ელექტრონული ჩახშობის სისტემები; ჰიპერბგერითი იარაღი; საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიები სტრატეგიული რაკეტები და ა.შ.
28 აგვისტოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ხონგ ლეიმ ჩამოთვალა იმ 26 ქვეყნის პირველი პირების ვინაობა, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით დაესწრებიან აღლუმს.
დამსწრეთა შორის იქნებიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი; ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი; ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.
მიწვეულნი არიან ჩინეთის მეზობლები ცენტრალური, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიიდან, ასევე, მოკავშირე ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები. ასევე, სახელმწიფოები, რომლებსაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება სურთ.
ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური აზიის ლიდერები:
ყაზახეთი - პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი;
ტაჯიკეთი - პრეზიდენტი ემამოლი რაჰმონი;
ყირგიზეთი - პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი;
თურქმენეთი - პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი;
უზბეკეთი - პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი.
ყველა ეს ქვეყანა ამავე დროს არის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფო.
ჩინეთი მათი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, მათ შორის „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში.
აზერბაიჯანი - პრეზიდენტი ილჰამ ალიევი;
სომხეთი - პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.
გარდა სომხეთის პრეზიდენტისა, 29 აგვისტოს ჩინეთში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანი CSO-ს სამიტში იღებს მონაწილეობას. 2025 წლის ივლისში სომხეთმა, - რომელიც საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს, - განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრება სურს.
3 სექტემბრის ღონისძიებას, ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ სამი ქვეყანა ესწრება:
ბელარუსი - ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო;
სერბეთი - პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი;
სლოვაკეთი - პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.
სლოვაკეთი ერთადერთია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც აღლუმს ესწრება.
კამბოჯა - მეფე ნოროდომ სიამონი;
ვიეტნამი - პრეზიდენტი ლიონგ კიონგი;
ლაოსი - სახალხო რევოლუციური პარტიის გენერალური მდივანი თონგლუნ სისულითი;
ინდონეზია - პრაბოვო სუბიანტო;
მალაიზია - პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი;
მონღოლეთი - პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი;
პაკისტანი - პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი;
ნეპალი - პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი;
მალდივები - პრეზიდენტი მოჰამედ მუიზუ;
მიანმარი (ბირმა) - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მინ აუნ ჰლაინი.
აღლუმზე აფრიკის კონტინენტიდან მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერები იქნებიან:
კონგოს რესპუბლიკა - პრეზიდენტი დენი სასუ-ნგესო;
ზიმბაბვე - პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა.
სამხრეთ ამერიკიდან კი მხოლოდ კუბაა წარმოდგენილი - აღლუმს პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი დაესწრება.
დამსწრეთა სია არ მოიცავს იმ კლუბის წევრებს, რომლებიც ევროკავშირის თუ აშშ-ის ახლო პოლიტიკურ მოკავშირეებად ითვლებიან. როგორც გამოცემა South China Morning Post-ი იუწყებოდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებიც თავს იკავებენ ღონისძიებაში მონაწილეობისგან - იქ ვლადიმირ პუტინის ყოფნის გამო.
გარდა ჩამოთვლილი სტუმრებისა, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს დაგეგმილ "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" (SCO) მორიგ სამიტს დაესწრება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
ფორუმზე, რომელზეც რეგიონული უსაფრთხოებისა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ, დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც იქნება.