საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება უფლებადამცველების შევიწროებაა და ხელისუფლებამ ეს პრაქტიკა უნდა შეწყვიტოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ზღუდავს ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესს და ზიანს აყენებს სამოქალაქო სივრცეს.
„დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საბოტაჟის მომწყობებად მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და შემაძრწუნებელ გზავნილს უგზავნის სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.
ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით საქართველოს ხელისუფლება თავად არღვევს ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებების შევიწროება უნდა დასრულდეს“, - წერია განცხადებაში.