საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპროექტო განაცხადში აღნიშნულია, რომ პროექტი წარმოადგენს სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე.
„ტენდერის მიზანია ბათუმი-სარფის გზის პროექტის ეფექტური და მაღალი ხარისხით განხორციელება. ეს პროექტი წარმოადგენს სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე. ტენდერის ამოცანაა, დაიქირავოს სამშენებლო ზედამხედველობის კონსულტანტი.
ბათუმი-სარფის გზის პროექტი აკავშირებს ახლადაშენებულ ბათუმის შემოვლით გზას თურქეთის საზღვართან – სარფში. პროექტი მოიცავს ჩქაროსნული გზის კვანძებს ბათუმის აეროპორტთან, საბაჟო ზონასთან და შავი ზღვის სანაპიროს კურორტებთან და დასახლებებთან. პროექტის საერთო სიგრძე 11 კილომეტრია, რაც მოიცავს 7.6 კმ სიგრძის გვირაბს, 1.47 კმ სიგრძის ხიდს, ორ გზაკვანძს, სანაპირო და მდინარის დამცავ სამუშაოებს, გამაგრებით ნაგებობებს და სხვა ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია სატენდერო ინფორმაციაში.
„პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 13 986 483 აშშ დოლარს შეადგენს. ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.