პოლიტიკა
ალექსანდრე ანქვაბი – აფხაზეთის ახალი ლიდერი

ankvab4თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტად აირჩიეს 26 აგვისტოს გამართულ არჩევნებზე, რომლის შედეგებსაც მოსკოვი მიესალმა, მაგრამ არ იქნა აღიარებული თბილისის და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

ანქვაბმა მეორე ტური თავიდან აიცილა, მიიღო რა ამომრჩეველთა 55 პროცენტზე მეტის მხარდაჭერა და სძლია კონკურენტებს – რეგიონის პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას და ოპოზიციონერ კანდიდატ რაულ ხაჯიმბას.

ანქვაბის თქმით, ორივე კონკურენტმა მას გამარჯვება მიულოცა, თუმცა შამბასა და ხაჯიმბას ამის თაობაზე პირადად არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ანქვაბი, რომელსაც დეკემბერში 59 წელი უსრულდება, აფხაზეთის ყოფილი ლიდერის – სერგეი ბაგაფშის ახლო მოკავშირე იყო, რომლის მოულოდნელმა გარდაცვალებამაც განაპირობა სამი თვისთავზე არჩევნების ჩატარება.

1990 წლამდე ექვსი წლის განმავლობაში ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა თბილისში. 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის აფხაზეთის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ომის შემდეგ მან აფხაზეთი დატოვა და თითქმის ათი წლის განმავლობაში 2004 წლამდე მოსკოვში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.

აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ იგი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეეცადა, თუმცა კანდიდატად არ დაარეგისტრირეს იმის გამო, რომ უარი თქვა აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარებაზე – ეს სავალდებულო პროცედურა მან ამ ბოლო ჯერზე შეასრულა. მან შვიდი წლის წინანდელ არჩევნებში სერგეი ბაგაფშს დაუჭირა მხარი და მას შემდეგ, რაც ბაგაფში პრეზიდენტი გახდა რაულ ხაჯიმბასთან სადავო არჩევნების შედეგად, ანქვაბი რეგიონის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

2009 წლის დეკემბერში ბაგაფშის ხელახლა არჩევის შემდეგ, ანქვაბი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ახლა ის ამ თანამდებობის გაუქმებას გეგმავს  ბიუროკრატიის შემცირების დაპირების ფარგლებში.

თავისი პირდაპირობით ცნობილმა ანქვაბმა, რომელსაც მტკიცე ადამიანის რეპუტაცია აქვს, ადგილობრივი აფხაზი დამკვირვებლები დააფიქრა იმაზე, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება ვიცე-პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მოადგილეების პოსტების გაუქმებაზე, შემდგომ ეტაპზე კი უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შესაძლებლობაზე, საბოლოოდ მმართველობის ავტორიტარულ სტილს დაამკვიდრებს.

თუმცა ამ ეჭვების საპასუხოდ, 27 აგვისტოს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთში „დიქტატურა“ შეუძლებელია, რადგან საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

„ჩვენ წესრიგს კონსტიტუციურ უფლებებზე დაყრდნობით დავამყარებთ, აფხაზეთში დიქტატურა არ იქნება – უბრალოდ, ამას საზოგადოება არ მიიღებს“, – განაცხადა ანქვაბმა და იქვე დასძინა, რომ აფხაზური საზოგადოება ვერ იგუებს ვერც იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც „თავიანთ გადაწყვეტილებებს ბოლომდე ვერ მიიყვანენ“.

იმავე პრესკონფერენციაზე ის შეეცადა, მედიასთან მის დამოკიდებულებაზე წუხილები გაეფანტა და უარყო ვარაუდები მედიაზე ზეწოლის მოსალოდნელი გაძლიერების თაობაზე; ანქვაბმა განაცხადა, რომ მის შესახებ წლებია, ვრცელდება „საშინელებები“, რომ „მე ჩაკეტილი ადამიანი ვარ და არ ვურთიერთობ ჟურნალისტებთან“.

„ეს ასე არაა, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. – ვფიქრობ, რომ თქვენ ყველას გქონდათ დრო, დარწმუნებულიყავით იმაში, რომ ანქვაბს არ ეშინია კამერებისა და ჟურნალისტების“.

აფხაზეთის ახალმა ლიდერმა, ასევე, განაცხადა, რომ გააგრძელებს აწ გარდაცვლილი მისი წინამორბედის – სერგეი ბაგაფშის კურსს, რომელიც „იყო რუსეთთან ურთიერთობის აშკარა მომხრე და კვლავაც განვავითარებთ ამ ურთიერთობებს“.

„ჩვენ მსოფლიოს დავანახვებთ, რომ რუსეთმა მორიგი სწორი ნაბიჯი გადადგა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებით“, – განაცხადა მან.

ალექსანდრე ანქვაბი აფხაზ პოლიტიკოსებს შორის გამორჩეულია იმით, რომ 2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე პერიოდში მასზე, სულ ცოტა, ოთხი ან ხუთი თავდასხმა განხორციელდა.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად  ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

ამ შემთხვევიდან ორი თვისთავზე ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი „ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. იმ დროს იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც, სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით – გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

უკანასკნელი შემთხვევა 2010 წლის სექტემბერში მოხდა, როცა ანქვაბი ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა მას შემდეგ, რაც ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი გუდაუთაში მისი ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არცერთი ეს შემთხვევა ბოლომდე არ გამოძიებულა – არც არავისთვის წაუყენებიათ ბრალი და არც არავინ დაუკავებიათ. ანქვაბის თქმით, ამ თავდასხმებს უკან შიდააფხაზური ძალები დგანან, თუმცა მას საჯაროდ რაიმე დეტალებზე არასდროს უსაუბრია, ვის გულისხმობდა ამ ძალებში.