უცხოეთი
Reuters - ნატო-ს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ნატო-ს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ალექსუს გრინკევიჩი გაუზიარებს.

ასევე, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, დენ კეინიც მიიღებს.

შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ უკრაინაში ჯარებს არ განათავსებს, თუმცა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს“.