პოლიტიკა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

 სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის – ლატვიის წარმომადგენლები.

 „განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 17 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შემდგომი უკანონო სამხედრო ყოფნიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით.

 განცხადებაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაერო-ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

 დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველეყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შეუფერხებელი დაშვება. განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.