სამართალი
ცესკო: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცესკო-ს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ადმინისტრაციამ 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგა.

პოლიტიკურ პარტიებს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა პირველად აქვთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პარტიებმა პარტიული სიები, ასევე მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.