საზოგადოება
Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე – Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება.

სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით – ერთგვარი ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. Alibaba.com-ზე განთავსება ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, პლატფორმაზე განსათავსებელად კომპანიების შერჩევა ორ ეტაპად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ელექტრონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება/შერჩევა მოხდა. მეორე ეტაპზე კი Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება.

უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული კომერციის წამყვანი პლატფორმის წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნობიან.

Alibaba.com-ი 1999 წელს დაარსდა. ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმა მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა კომერციის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რაც ბიზნესებს – გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში ეხმარება“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.