საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი არ არის მზად, უკრაინას დაუბრუნოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ის ნაწილები, რომლებსაც რუსეთის არმია აკონტროლებს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების შინაარსში ჩახედულმა წყარომ აცნობა.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ 6 აგვისტოს, უიტკოფთან შეხვედრის დროს პუტინმა მოითხოვა, რომ კიევმა უარი თქვას დონბასზე, სანაცვლოდ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის გაყინვას ფრონტის არსებულ ხაზზე.
გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის და რამდენიმე ევროპელ ლიდერს, ზოგიერთ მონაწილეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა პრეტენზიებზე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქზე.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ ასევე აღიქვა პუტინის შეთავაზება ისე, რომ რუსეთი მზადაა, გაიყვანოს ჯარი ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან, თუმცა კრემლი არ არის მზად, უარი თქვას დაკავებულ ტერიტორიებზე.
როგორც „აქსიოსი“ იუწყება, მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ევროპელ ლიდერებთან დააზუსტა, რომ ვლადიმერ პუტინი მხოლოდ იმისთვის არის მზად, რომ კონფლიქტი გაყინოს ზაპოროჟიესა და ხერსონში ფრონტის ხაზზე.
1tv.ge