აქტუალური
აფხაზეთის ცესკო: „ანქვაბმა არჩევნები მოიგო“

cik_abxaziiთბილისი, 29 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცადებით, ალექსანდრე ანქვაბმა მეორე ტურის ალბათობა თავიდან აიცილა, მიიღო რა ხმათა 54.86 პროცენტი პარასკევს გამართულ  საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 21.04 პროცენტით მას სერგეი შამბა – აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილზეა ოპოზიციონერი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა 19.83-პროცენტიანი მხარდაჭერით.

აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ ხმათა უმეტესობა დათვლილია; მხოლოდ მთიან სოფელ ფსხუდან დარჩა მონაცემები მისაღები, თუმცა ეს ხმები საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან ამ საარჩევნო უბანზე მხოლოდ 104 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მისივე განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 71.92% შეადგინა. ტაბაღუამ, რომელმაც პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ აქტივობა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო, ამჯერად აღნიშნა, რომ მისი ეს შეფასება მცდარი აღმოჩნდა, რადგან ახლა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

ტაბაღუას თქმით, ხაჯიმბასა და შამბას მიერ გალის რაიონის სოფელ ბარღებში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრები „უმნიშვნელოა“ და ის შედეგებზე ვერ იმოქმედებს.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ახალი ლიდერის ინაუგურაცია ერთ თვის განმავლობაში შედგება.

რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ღამით მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ ეჩქარა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება და დაეცადა საარჩევნო დარღვევებზე არსებული ცნობების გადამოწმებამდე, უკვე მიულოცა კონკურენტ ალექსანდრე ანქვაბს არჩევნებში გამარჯვება, ხოლო მიხეილ ლოგუას – ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩევა, იტყობინება „აფსნიპრესი“ ანქვაბის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით.

უშუალოდ ხაჯიმბას ან მის საარჩევნო გუნდს, ისევე, როგორც სერგეი შამბას, ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და დათვლის მიმდინარეობისას არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.