საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თელ ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმის წინააღმდეგ და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით მომიტინგემ გადაკეტა თელ ავივის ქუჩები, დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ღაზაში მყოფი მძევლების ფოტოები და სხვადასხვა ბანერი. აქციაზე იმყოფებოდნენ მძევლების ოჯახების წევრებიც.
როგორც „როიტერი“ წერს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ომის დაუყოვნებლივ დასრულებას.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ხუთპუნქტიანი ინიციატივა ომის დასასრულებლად, სადაც საუბარია „ჰამასის“ განიარაღებაზე, მძევლების დაბრუნებაზე, ღაზის სექტორის დემილიტარიზებასა და მასზე ისრაელის უსაფრთხოების ძალების კონტროლის გავრცელებაზე, ასევე ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე.