უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ხვალამდე აქვს დრო, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვალამდე აქვს დრო, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ვნახავთ, რას იტყვის (პუტინი). ეს მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა, ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: არა.

„მათ სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მკვლელობების შესაჩერებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს პუტინის განცხადების შესახებაც დაუსვა კითხვა, რომ არ გეგმავს ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ განცხადების შესახებ არაფერი იცის.

„წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა. მაგრამ ძირითადად ესენი ჯარისკაცები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge