“დემოკრატიას გარედან ვერ შემოიტან” - ვლადიმერ პუტინი
2012 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა დააარსა პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც სულ რაღაც 6 თვეში,1 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე, დაამარცხა პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია.
მას შემდეგ გასული 13 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კოლიზია განვლო: პარტიები, რომლებიც თავდაპირველად მასთან ალიანსში შედიოდნენ, ისევე როგორც მის მიერ დაკომპლექტებული ხელისუფლების ბევრი ხელმძღვანელი — პრეზიდენტები, პარლამენტისა და მთავრობის ხელმძღვანელები — ოპოზიციაში გადავიდნენ, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერდა. თანაც, მრავალმა მათგანმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას და არა გადადგომის შემდეგ მიიღო. სწორედ ეს არის ქართული „Deep State“-ი, ანუ პოლიტიკური ფენომენი, როდესაც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის აშკარა (მარგველაშვილი, ზურაბიშვილი) და ფარული (გახარია, უსუფაშვილი) მოწინააღმდეგეები თავად ამ ხელისუფლებაში რჩებიან.
შედეგად, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების (2024 წლის 26 ოქტომბერი) წინ, დასავლეთმა „ქართული ოცნება“ დილემის წინაშე დააყენა: ან გადაეცა ხელისუფლება კოალიციური მთავრობისთვის, რომელიც დაიწყებდა ომს რუსეთთან, შეუერთდებოდა ანტირუსულ სანქციებს და აიძულებდა ქართველ საზოგადოებას მიეღო „დემოკრატიული ევროპული ღირებულებები“ (ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლა და მრავალი ლგბტქი+გენდერი); ან შეენარჩუნებინა მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური ღირებულებები. პირველი ნიშნავდა ჰუმანიტარულ კატასტროფას, ქართული სახელმწიფოსა და ერის განადგურებას, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე აირჩია.
„ქართულ ოცნებას“ გაუმართლა, რომ მალევე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, რომელმაც შეცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკა — გააუქმა USAID-ი და დაიწყო ადგილობრივი - ამერიკული „Deep State“-ის განადგურება, მას სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებით სამართლებრივად რომ სდევნიდა, რომელთაგან მთავარი იყო კრემლთან ფარული კავშირი (ზუსტად ასე ადანაშაულებს ზემოხსენებული ქართული „Deep State“-ი ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დაარსებულ პარტიას რუსეთის ინტერესების გატარებაში).
ამგვარად, „გლობალური ომის პარტიის“ კრებსითი მცნება „ქართული ოცნებისთვის“ შევიწროვდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ფარგლებამდე, ვინაიდან აღარ მოიცავს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, სახდეპსა და ამერიკის ელჩს, არამედ გულისხმობს მხოლოდ ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერებს და მათ ელჩებს საქართველოში. დღეს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 2 თვეა დარჩენილი, ზემოხსენებული ქართული „Deep State“, აგრეთვე ქართული რადიკალური ოპოზიცია (პოლიტიკური პარტიები) და უცხოური გავლენის აგენტები (არასამთავრობოები, მედია, „სამოქალაქო სექტორი“) ამაოდ ამყარებენ იმედებს ამერიკელ და ევროპელ ლობისტებზე — ამერიკელ კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებზე, რომელთა მომსახურებაც გულუხვად დაუფინანსებიათ. 4 ოქტომბერს ყველა 64 მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ხოლო თბილისის მერად მესამედ აირჩევენ კახი კალაძეს, და ამით მათი გეგმები საბოლოოდ ჩამოიშლება.
ოპოზიცია ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: ორ პარტიად — ბანკირ ხაზარაძისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ გახარიასი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში; და ყველა დანარჩენად, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და 4 ოქტომბერს პირდაპირ მიტინგზე გამოვლენ, ესენია სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია და მისი სატელიტები.
ოპოზიციის გაერთიანება სცადა ექს-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, თუმცა პარტიებმა ვერ შეთანხმდნენ და მისი მცდელობა კრახით დასრულდა. ამის შემდეგ გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნო ალიანსში შევიდნენ, განიზრახეს ერთობლივად წარედგინათ ზურაბიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ ამჯერად თავად ზურაბიშვილმა თქვა უარი. მიზეზი რამდენიმეა:
– ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს აღიარებას, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა, რომ საქართველოს პრეზიდენტია მიხეილ ყაველაშვილი და არა სალომე ზურაბიშვილი, როგორც იგი კვლავ პოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში;
– მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ მიზეზთა გამო სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო თანამდებობას არ შეეფერება, მას ვერ შევადარებთ ვერც ერთ ოპოზიციურ ლიდერს, რადგან, მათგან განსხვავებით, მას აქვს ემიგრაციაში მიღებული უდიდესი ცხოვრებიუსელი გამოცდილება - საფრანგეთში, სადაც აღიზარდა ოჯახში, რომლის წევრები აბვერსა და გესტაპოზე მუშაობდნენ, თავადაც მუშაობდა ბანდერულ ორგანიზაციაში. ზურაბიშვილი, ქართული რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერისგან განსხვავებით, მსახურობდა საფრანგეთის სახელმწიფო სტრუქტურებში — საგარეო საქმეთა სამინისტროში და დაზვერვაში (ამ უკანასკნელში დღემდე მსახურობს), ამიტომ ისეთ უპერსპექტივო და დისკრედიტებული პოლიტიკოსების სასარგებლოდ, როგორიც გახარია და ხაზარაძე არიან, თავის კავშირებს, კერძოდ — პრეზიდენტ მაკრონთან, არ გამოიყენებს;
– ევროკავშირი და მისი მშობლიური საფრანგეთი ზურაბიშვილის გულისთვის ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას არ გაუწევენ თაღლითობისათვის მსჯავრდებულ ხაზარაძეს, რომელსაც საქართველოში მევახშედ მოიხსენიებენ და რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სასამართლო წააგო (მათ შორის — გასულ კვირას ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოში), სადაც მას დააკისრეს სახელმწიფოსთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული აფერით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
– მით უმეტეს არ უღირს ზურაბიშვილს კავშირი გახარიას საეჭვო ფიგურასთან, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას მისთვის „არაუცხო“ გერმანიაში ემალება. გახარიას მძიმე შლეიფად სდევს სახელმწიფოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები და სამშობლოს ღალატი, თუმცა რთული სათქმელია, რომ მისი სამშობლო საქართველოა.
ამიტომ ამ პარტიებმა არჩევანი შეაჩერეს მოსყიდული ავანტიურისტი ელისაშვილის კანდიდატურაზე, რომელზე უარესის წარმოდგენაც კი ძნელია მორალური და პროფესიული თვისებების სრული არქონის გამო.
დავუბრუნდეთ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აპრილში 13 წელი შეუსრულდა - ნამდვილი „გარდატეხის ასაკი“: მმართველი პარტია იწმინდება კორუმპირებული წევრებისგან და ახდენს დასავლეთის უპრეცედენტო ლუსტრაციას. თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ, თუ როგორ ერეოდნენ დასავლელი „მეგობრები“ ქართული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში „დემოკრატიისა“ და „ევროატლანტიკური ღირებულებების“ დანერგვის ცრუ საბაბით — აიძულებდნენ ქართველებს საბოლოოდ უარი ეთქვათ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტზე, აიძულებდნენ კონსტიტუციის გადაწერას, ერეოდნენ არჩევნებსა და სამართალწარმოებაში, გასცემდნენ ბრძანებებს მინისტრებზე, ახდენდნენ ზეწოლას მოსამართლეებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათთვის ფეშქეშდ გადაცემულ საგარეო პოლიტიკაზე. ხოლო როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ხასიათი გამოავლინა — უარი თქვა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, რაც შიმშილსა და დეფოლტს ნიშნავდა, აგრეთვე უარი თქვა ამერიკელი ელჩის ბრძანების შესრულებაზე — შეეტია მთელი ძალებით რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, „ხოლო სამიოდ დღეში ტყეში პარტიზანებად გახიზნვაზე“, საქართველოს ხელმძღვანელობა თავად აღმოჩნდა დასანქცირებული — მოსამართლეებსა და თავის პოლიტიკურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. „ქართულმა ოცნებისთვის“ ძალიან სახიფათო გახდა იმ ფაქტის დამალვა, რომ დასავლეთი მას 10 წლის განმავლობაში ერზაც-დემოკრატიას მიასაღებდა. შემთხვევითი როდია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ელიტურ კორუფციას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სპეცსამსახურებში დაგროვდა და ქართველი საზოგადოების კარგად ინფორმირებულ ფენებში გაჟონა. კორუმპირებულ ჩინოვნიკს ხომ დიდი გადაბირებაც არ უნდა - ის უცხოეთის გამზადებული აგენტია, კოლაბორაციონისტი.
ელიტარული კორუფციის აღმოფხვრის დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წლის 1 ნოემბერს გამართულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე მისცა საზოგადოებას — მაშინ, როცა ის არ იკავებდა არცერთ სახელმწიფო თანამდებობას და არც პარტია ჰქონდა დაფუძნებული. თუმცა იმავე პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა დასძინა, რომ კორუფცია დასავლეთშიც არის და საქართველოში მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებით (ქართველებს ვერ აუკრძალავ მადლიერების გამოხატვას!). თუმცა, კორუფციაც არის და კორუფციაც…
გასაოცარი დამთხვევაა! — გასულ პარასკევს, 2025 წლის 1 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სულ რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბა ზემოთქმული — დემოკრატიის, კორუფციისა და ლობიზმის შესახებ. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად კუნძულ ვალაამზე მდებარე სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში მსახურებაზე დასწრებისას, ჟურნალისტის შეკითხვას უკრაინაში ანტიკორუფციული სკანდალის მიზეზების შესახებ, პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:
„კორუფცია — ეს არის ნეგატიური მოვლენა საზოგადოებაში, რომელიც ახასიათებს ძალიან ბევრ, თუ არა ყველა ქვეყანას მსოფლიოში. აქ არაფერია უჩვეულო. საქმე კორუფციის ხარისხსა და საზოგადოების უნარსა და მზაობაშია, იბრძოლოს ამ მოვლენის წინააღმდეგ... თუ საზოგადოება ახდენს გავლენას ასეთ პროცესებზე — ეს დემოკრატიის ნაწილია. მაგრამ დემოკრატიის გარედან შემოტანა შეუძლებელია — ისე როგორც შეუძლებელია გარედან ბრძოლა ისეთ მოვლენებთან, როგორიც კორუფციაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც თვითონ არიან დაკავებული იმავე კორუფციით. განა ევროპასა ან ამერიკაში კორუფცია არ არის?! იქ ეს საერთოდ ლეგალიზებულია — იქ ლობიზმის ინსტიტუტია შექმნილი! ეს ნიშნავს იმას, რომ დადიან და ფულს ურიგებენ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენლებს. ესეც კორუფციაა!“.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 3 აგვისტო
საქართველო, თბილისი
![]() |