უცხოეთი
ზაფხულში რუსეთის მოქალაქეებს შორის საქართველოში ტურებზე მოთხოვნა 17%-ით გაიზარდა

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. განსაკუთრებით პოპულარულია გუდაური, რომელიც თბილ სეზონზე მოლაშქრეებისთვის სამოთხედ იქცევა.

2025 წლის ზაფხულში რუსმა მოგზაურებმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ტურების მიმართ ინტერესი გაზარდეს, მოთხოვნის ზრდის მხრივ კი ლიდერი საქართველო გახდა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგი 17%-ით გაიზარდა, ნათქვამია YouTravel-ის ბაზრის კვლევაში.

ანალიტიკოსების მონაცემებით, მოგზაურები მიმდინარე ზაფხულში უფრო აქტიურები გახდნენ ახალი მიმართულებების შესწავლის კუთხით, მოწინავე ადგილზე პოსტსაბჭოთა ქვეყნები არიან.

„ზრდის ტემპებით საქართველო ლიდერობს: ამ ქვეყანაში ტურებზე მოთხოვნა 17%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით პოპულარულია გუდაური, რომელიც თბილ სეზონზე მოლაშქრეებისთვის სამოთხედ იქცევა. აქ, ტურისტებით გადატვირთული სვანეთისგან განსხვავებით, შეგიძლიათ დატკბეთ ყაზბეგის ხედებით, არაგვის მთებით ან ვერტმფრენით გაემგზავროთ მყინვარზე“, - ნათქვამია კვლევაში.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ მიიღო 3,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი - 4,4%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი შეადგინა.

საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 581,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-ით მეტია.

sputnik-georgia.com