პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მალულად მიიღეს. მიზეზი კი სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაციის დამალვა გახდა. საკრებულოს აპარატმა სხდომის გამართვის შესახებ ცნობა ვებგვერდზე სხდომის დაწყების სემდეგ განათავსა. თან საკრებულოს აპარატმა ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია 23 აგვისტოს თარიღით დადო და ამით თავიდან დაუწყების ვალდებულება მოიხსნა. თარიღის შეცვლა მოგვიანებით საკრებულოს აპარატის უფროსმა თეიმურაზ ბასილაიამ „მექანიკური შეცდომით“ ახსნა. თუმცა ეს შემთხვევა ზუგდიდის საკრებულოს აპარატისთვის პირველი არ არის. ის, რომ ზუგდიდის საკრებულოს აპარატი თავიდან იცილებს მოქალაქეთა დაუწყებას, ორგანული კანონის დარღვევაა, რადგან თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი საკრებულოს აპარატს ავალდებულებს, შექმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოქალაქეთა სხდომებზე ორგანიზებულად დასწრებისთვის.
ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისათვის პრემიის სადღესასწაულოდ აღება პირველი შემთხვევა არ არის. მათ მსგავსი პრემია ივლისში პეტრეპავლობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მიიღეს. ზუგდიდის საკრებულოს პრემიების გამოსაწერად დღესასწაულები წელიწადის არცერთ თვეს არ გამოელევა. სექტემბერში ჯვართამაღლებაა, ოქტომბერში – ივერიის ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული, ნოემბერში – გიორგობა და „ვარდების რევვოლუციის“ თარიღი, დეკემბერში კი საშობაო პრემიების გამოწერის დროა.
„ჩაპრემიებული“ წლის შემდეგ კი იანვრიდან ბორბალი ტრიალს ისევ ძველ ცირკულარზე დაიწყებს, დამატებით 80 ათასი ლარის გამოყოფა კი ზუგდიდის ნაცვლად მის მმართველ ელიტაზე აისახება.
ცნობისთვის: პრემიის სახით წამახალისებელი ფულადი ჯილდო გამოიყოფა განსაკუთრებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის და არა დღესასწაულებზე მოსალხენად.