საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა. რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროკურატურა აღკვეთის სახით პატირმობას ითხოვდა. როგორც თორნიკე მახათაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ სჯერა ბრალდებულ გიორგი რამიშვილის პოზიცია ზურგჩანთაში იარაღის შემთხვევით ჩადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იარაღის შენახვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს, რომელიც დარღვეულია და დანაშაულს წარმოადგენს.
პროკურორის თქმით, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე მკაცრი სასჯელის შიშით.
დაცვის მხარემ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, იარაღი ზურგჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა და დეტალებს რამიშვილი თავად განმარტავს. ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განცხადების გავრცელებას გეგმავს.
როგორც რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მოხდა შეცდომა, რომელსაც ნანობს. მისივე თქმით, ეს არ იყო გამიზნული და შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა.
„მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა. მე რომ ეს მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს. მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და, უბრალოდ, ვერ შევამჩნიე. აქედან გამომდინარე, ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი. უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი. როგორც პროკურირი ითხოვს, მგონია, რომ ეს ზედმეტია. ძალიან ვნანობ. ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, საერთოდ არ დამირღვევია კანონი. ყველა ჩემს მანქანას მძღოლი მართავს და ამიტომ ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, რომ მე რამე კანონი დამერღვიოს ამდენი წლის განმავლობაში. შეცდომა მოხდა და ეს შეიძლება, ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს ვერ ვუწოდებ. ამიტომ ვითხოვ გირაოს. რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას – რა მჭირს გასაქცევი? ძალიან ბევრი საქმე მაქვს და 7000 თანამშრომელი მყავს“,- განაცხადა რამიშვილმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
გიორგი რამიშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
შსს-ს ცნობით, 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენოსკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული WALTHER PPK/S მოდელის, 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.