საზოგადოება
კიდევ ერთი სამშენებლო ფარსი – ბათუმის ოპერაში წყალი ჩამოდის

batumi_operaთბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, რომელსაც ბათუმის ოპერასაც უწოდებენ, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ თანამედროვე ვერსიის პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხვა შენობების მსგავსად, პრეზიდენტმა ისიც ნაჩქარევად გახსნა.

ბათუმის ოპერის თეატრში გუშინ ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ გაიხსნა. შენობაში წყლის ჩამოსვლა რამდენიმე სტუმარმა შენიშნა, რომლებიც შენობის დასათვალიერებლად მესამე სართულზე ავიდნენ.

შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ ჩაატარა. პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არც მალავს იმ გარემოებას, რომ მისი ხელისუფლება ყველაფერს ნაჩქარევად აკეთებს. რამდენიმე დღის წინათ ანაკლიაში სტუმრობისას მან თავად აღნიშნა, რომ „ქართველებს ყველაფერი გვეჩქარება“. ამ სიტყვებზე, ალბათ, მკითხველს ერთი ანდაზა აუცილებლად გაახსენდება – „მოჩქარეს მოუგვიანდესო“... ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, როგორც ჩანს, სერიოზული სარემონტო სამუშაოების ჩატარებას კვლავ საჭიროებს.