პუბლიკაციები
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს

Jalayaniaბატონო პრეზიდენტო!

ამ წერილს გწერთ 70 წელს მიღწეული ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე ჟურნალისტიკას, პუბლიცისტიკასა და მწერლობას მიუძღვნა.

მაქსიმალურად მოვერიდები დიდაქტიკურ ტონს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკის ადამიანს აქვს მასზედ ბევრად ახალგაზრდა კაცის დამოძღვრის მორალური უფლება.

პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ თქვენს გასაოცარ უნარს, ბრწყინვალედ ფლობდეთ რამდენიმე უცხო ენას, რაც, თავისთავად, სიმპათიის გამომწვევია ფართო საზოგადოებისათვის, მაგრამ მხოლოდ ენების ცოდნით შორს ვერცერთი სახელმწიფოს მეთაური ვერ წასულა. სახელმწიფოს მეთაურს სჭირდება საზოგადოების მენტალიტეტისა და ფსიქოლოგიის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მაგრამ არა იმისთვის, რომ დათრგუნოს საზოგადოება, მოახდინოს მასის ზომბირება და მასზე მინდობილი ხალხი გამოიყენოს საკუთარი ნების ბრმა შემსრულებლად.

ნუთუ ისე უნდა გალიოთ თქვენი რვაწლიანი პრეზიდენტობა, რომ ერთხელ მაინც არ უთხრათ სიმართლე ქართველ ხალხს? თუმცა არც ეს გაგვიკვირდება თქვენგან, რადგან იმ ედუარდ შევარდნაძის აღზრდილი და დაკვალიანებული ხართ პოლიტიკაში, რომელიც თავისი მეცხრე ათეული წლის სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა გულწრფელი ქართველი ერის მიმართ და მუდამ ატუტუცებდა მას.

დღეს, როცა თქვენი დანაშაულებრივი კლანების მიერ მონოპოლიზებულია მთელი ქართული სასიცოცხლო არე, როცა კომუნალური გადასახადები, კვების პროდუქტები და სხვა პირველადი მოხმარების საგნების ფასები კონკურენტული სფეროს განადგურების გამო უსაშველოდაა გაბერილი და ქართველი ერის გაღატაკების მართულ პროცესებს დიდად უწყობს ხელს, განსაკუთრებით ცინიკური და გულისამრევია თქვენი რიხიანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვერით კორუფცია საქართველოს უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში.

თქვენ, ალბათ, არ იცით ან იცით და შეგნებულად გვიმალავთ, რომ სახელისუფლებო მონოპოლიაზე ბინძური კორუფცია ქვეყნად არ არსებობს, რადგან კორუფციონერ ჩინოვნიკთან ურთიერთობაში მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მოქალაქე ზარალდება, თქვენ მიერ დანერგილ კორუფციულ-მონოპოლიურ სისტემას კი დაუძლურებამდე და განადგურებამდე მიჰყავს მთელი ქართველი ერი.

ამის შემდეგ როგორ აძლევთ თავს უფლებას, რომ საქართველოში კორუფციის დამარცხებაზე ისაუბროთ, როცა თქვენი და თქვენი გარემოცვის წყალობით დღეს კორუფცია არნახულ სიმაღლეებამდეა ასული და წურბელად აზის კისერზე ყველა ქართულ არანაციონალურ ოჯახს!

ნუთუ მართლა ასეთი უბადრუკი და ბეჩავი გგონიათ ქართველი ერი?

ვითომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეთ კრიმინალურ სამყაროს, მაგრამ ხელისუფლებაში გყავთ ისეთი პირები, რომელთაც მრუმე შლეიფად მოჰყვებათ კრიმინალური წარსული! როგორ შეიძლება ხელისუფლებას ამშვენებდნენ მკვლელები და ბნელი წარსულის მქონე ადამიანები... განა არ იცით, რომ ბუნებაში არ არსებობს ყოფილი მკვლელი, რომ მკვლელი ყოველთვის მკვლელად დარჩება, რომ მგელი მგლობას არასოდეს მოიშლის, რაოდენ ცხვრის რბილი ტყავითაც უნდა შეიმოსოს?!

ან იმაზე რა უნდა ვიფიქროთ, საქართველოს პარლამენტი რომ ქუთაისში გადაგაქვთ, რასაც შემდეგ საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანა მოჰყვება? რატომ გგონიათ, ქართველებმა არ ვიცით, რომ ამით თქვენ ახორციელებთ სომეხთა მრავალსაუკუნოვან მზაკვრულ ოცნებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს დედაქალაქი დასავლეთ საქართველოში გადაიტანონ, თავად კი აღმოსავლეთ საქართველოს დაეპატრონონ? ხომ იცით, რომ ამ გეგმას სომხეთის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ხანჟიანი შეეწირა! ამიტომ მამაშვილურად გირჩევთ, რომ თქვენც ფრთხილად იყოთ, როცა საქართველოს დაშლის წინაპირობას ქმნით და საფრთხის ქვეშ აყენებთ ქვეყნის ერთიანობას, რასაც ქართველი ერი არც დაუშვებს და არც არასოდეს გაპატიებთ!

განა თქვენი მზაკვრული გეგმის ნაწილი არ იყო 2008 წლის უაზრო ომის დაწყება, რამაც, ფაქტობრივად, იურიდიულადაც დაგვაკარგვინა აფხაზეთი და სამაჩაბლო; განა სწორედ თქვენი მზაკვრული გეგმით არ ყოვნდება აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების პროცესი, რათა იქ შეთესლილმა 80 000-მა სომეხმა რაიმე დისკომფორტი არ იგრძნოს? განა ამიტომ არ ცდილობთ, ყველა ძალისა და ვერაგობის გამოყენებით, არ დაუშვათ თუნდაც სახალხო დიპლომატიის აღდგენა ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის?

სომხურ უმადურობაზე ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება და არ განვმეორდებით, მაგრამ ორი ფაქტი მაინც უნდა შეგახსენოთ.

დიდი საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი თბილისში დაიბადა და აღიზარდა, დედამისი დამლაგებლად მუშაობდა რუსთაველის თეატრში და ლამის მთელი დასი ეხმარებოდა შვილისათვის სათანადო განათლების მიცემაში. შემდეგ, როცა პეტროსიანი სახელგანთქმული მოჭადრაკე გახდა, თბილისი და ქართველები ერთხელაც არ უხსენებია და ერთ-ერთ გაზეთში განაცხადა: მე ყველაფერი სომხეთმა მომცა!

რაც შეეხება კინორეჟისორ ფარაჯანოვს, იგი სომხებმა ჯერ კიდევ 1966 წელს მოიძულეს წინაპრებზე გადაღებული მხატვრული ფილმისათვის. ცხოვრობდა თბილისში, კიევში კი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და რვა წელი ციხის კედლები ახეხვინეს. პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ ფარაჯანოვი თბილისში დაბრუნდა. კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორმა, ბატონმა რეზო ჩხეიძემ ანგარიში არ გაუწია საბჭოთა ოფიციოზის უარყოფით დამოკიდებულებას ამ პიროვნებისადმი, რაც შეიძლებოდა საკმაოდ ძვირად დასჯდომოდა. მან ფარაჯანოვს დაუფინანსა ფილმი მაშინ, როცა ქართველი კინორეჟისორები უსახსრობის გამო ფილმების გადაღებას ვერ ახერხებდნენ. გარდაცვალებამდე ფარაჯანოვმა დაიბარა – მშობლიურ ერევანში დამასაფლავეთო. არავის უხსენებია ის სიკეთე, რაც რეზო ჩხეიძემ და ქართველებმა მიჰმადლეს ყველასაგან, მათ შორის, სომხებისგანაც შერისხულ ფარაჯანოვს. უფრო მეტიც, ამასწინათ საქართველოში სომხური დიასპორის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სულდამახინჯებულმა ვიღაც არნოლდ სტეპანიანმა მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს, სხვა სახელოვან მოღვაწეებსა და სასულიერო პირებს (მათთან ერთად _ მეც, ჩემთვის კი საამაყოა ამ ადამიანების გვერდით თუნდაც უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, თანაც, გააჩნია _ ვისგან. _ ..) ქსენოფობიასა და სომეხთმოძულეობაში დასდო ბრალი.

როგორ დავიჯერო, რომ მართლაც ასეთი სულმოკლე, ნაძირალა და უმადურია სომეხი ერის რეაქციული ნაწილი, რომელთა საზიზღარმა ინტრიგებმა არაერთი უბედურება დაატეხა თავს სომხეთის მშვიდობიან, უდანაშაულო მოსახლეობას!

ნუთუ თურქეთთან სომეხი რეაქციონერების დაპირისპირებამაც ვერ გასწავლათ ჭკუა. განა ისტორიულად არ არის დამტკიცებული, რომ სომეხთა საზარელი ხოცვა-ჟლეტის ინიციატორები და სულისჩამდგმელები სწორედ სომეხი რეაქციონერები იყვნენ? თუ ამ სიტყვების რეალობაში ეჭვი შეგეპარებათ, გირჩევთ, წაიკითხოთ დიდი რუსი პუბლიცისტის –  ვასილ ველიჩკოს, წიგნი კავკასია, რომელიც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის მოთავეები სწორედ სომეხი რეაქციონერები და მათ მიერ გამოკვებილი სომეხი ტერორისტები იყვნენ!

განა ტერორი არ არის ის ძალადობა, რასაც თქვენ და თქვენი გუნდის წევრები ახორციელებთ ქართული მოსახლეობის მიმართ? მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ საპროტესტო აქციების დაუნდობლად დარბევა და უდანაშაულო ახალგაზრდების ქალაქის ცენტრში ჩაცხრილვა, არამედ ის გეგმაზომიერი ეკონომიკური ანტიპოლიტიკა, რომელიც აიძულებს ქართველ ადამიანს, სამშობლო უკანმოუხედავად დატოვოს და სადღაც დასაკარგავში წავიდეს ლუკმაპურის საძიებლად!

მართლაც, ასე რამ შეგაზიზღათ ქართველი ერი?

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიაში სოციალური ვითარება დამძიმდა და ხალხი ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, შავრაზმული ძალის იმედად მყოფ იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს დიდმა რუსმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ წერილი მისწერა (ღმერთმა დამიფაროს ამპარტავნობისაგან, რომ საკუთარი თავი ოდნავ მაინც შევუდარო ამ დიდ მწერალსა და მოაზროვნეს). არა მგონია, თქვენ გასცნობოდით ამ წერილის ტექსტს, სადაც მწერალი მამაშვილურად მოძღვრავდა იმპერატორს და შავრაზმული პოლიტიკის შეცვლას ურჩევდა ხალხისადმი უფრო ტოლერანტული დამოკიდებულებით. თან აფრთხილებდა, რომ მასებში ზიზღის მუხტი მძლავრდება, რაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვისო! ამბიციურმა ნიკოლოზ მეორემ, რა თქმა უნდა, არ გაიზიარა დიდი მწერლის რჩევა და რუსეთის იმპერია სახრჩობელების ტყედ აქცია.

თქვენ შეიძლება არ იცოდეთ დიდი რუსი მწერლის ზემოაღნიშნული წერილი, მაგრამ ის კი მოგეხსენებათ, თუ რა ბედი ეწია ნიკოლოზ მეორეს და მის ცოლ-შვილს!

საქართველოში დღეს სიძულვილისა და უნდობლობის დიდი მუხტია დაგროვილი ხალხში და ამიტომ გირჩევთ, შეცვალოთ თქვენი ანტიქართული პოლიტიკა და ყველაფერი იღონოთ საიმისოდ, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ხალხის სოციალური მდგომარეობა!

ვერავითარი სტინგი, ხულიო იგლესიასი, ბოჩელი თუ სხვა დიდი შოუმენი ვერ დაავიწყებს ხალხს შიმშილს! ამგვარი გართობებით თქვენ შეიძლება დროებით აიყოლიოთ ახალგაზრდობა, მაგრამ როცა ამ კონცერტების ეიფორია ჩაივლის, მაშინ სწორედ ის დამშეული ახალგაზრდები მოგკითხავენ პირველები, თუ რატომ იხარჯებოდა ამ არაფრისმომტან შოუებში სახელმწიფო ხაზინის სახსრები, მაშინ, როცა ეს საკმაოდ დიდი თანხები შეიძლებოდა სოციალურ, განათლების ან ჯანმრთელობის სფეროს მოხმარებოდა?!

გთხოვთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ საქართველოსა და ქართველების მიმართ!

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ამ სიძულვილმა იფეთქოს და საერთო ამბოხებაში გადაიზარდოს! ისიც ფაქტია, რომ ზიზღისა და რისხვის დიდი მუხტი ხალხში უკვე დაგროვილია და ღმერთმა არ ინებოს, რომ მისი კუმულირება თქვენი მისამართით მოხდეს! საქართველოს კონსტიტუცის მოთხოვნათა შესაბამისად, თქვენ სამშობლოს ღალატისათვის აქ ვერავინ გაგასამართლებთ, რადგან თქვენი სამშობლო ის სომხეთია, რომელსაც დღემდე ერთგულად და უღალატოდ ემსახურებით, მაგრამ ქართველი ხალხის სამართალი ბევრად უფრო მკაცრი და სამართლიანი იქნება, ვიდრე ხალხის სახელით მოქმედი ოფიციალური სასამართლო!

ეს იქნება არა მხოლოდ პირადად თქვენი, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედია!

თქვენ უკვე ამოწურეთ თქვენი შესაძლებლობები, რადგან ქართველმა ხალხმა ალღო აუღო თქვენს პროსომხურ მოღვაწეობას საქართველოს საზიანოდ და რაც უკვე გააფუჭეთ, ამაზე მეტის გაფუჭების საშუალებას აღარ მოგცემთ. ამიტომ ჯობს, შეირგოთ პრეზიდენტობისას ნაშოვნი დიდი ფული და რომელიმე ქვეყანაში მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება!

იმედია, გაითვალისწინებთ ყოველივეს და თქვენი მასწავლებლის – ედუარდ შევარდნაძის, მსგავსად სამარცხვინოდ არ დატოვებთ მაღალ პოლიტიკურ არენას!

ბოლოს და ბოლოს, მუდამ უნდა გახსოვდეთ უძველესი ლათინური შეგონება: „თვით ყველაზე დიდი მეფის ტახტზეც კი საჯდომი ზის!“

სამუდამო არაფერია ამქვეყნად, გარდა დროისა, დრო კი აშკარად აღარ მუშაობს თქვენ სასარგებლოდ!

მანამდე კი, ისიც გახსოვდეთ, რომ თქვენ ნახევრად ქართველი ხართ და თქვენი შესაძლებლობების თუნდაც ნახევარი რომ მოახმაროთ ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს, ბედნიერებისათვის ესეც გვეყოფა!

 

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,

როლანდ ჯალაღანია

გაზეთ ილორის მთავარი რედაქტორი;

ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი;

„ჩარეცხილთა“ საძმოს ერთ-ერთი წარმომადგენელი