საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
მინდაძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და დარბაზში მყოფებს მოუწოდა, მშვიდად და წყნარად შეხვედროდნენ განაჩენს. ამასთან, პარტია „ლელოს“ მოუწოდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და დაკავებული დემონსტრანტების აზრი გაითვალისწინოს.
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ ვიდეოში, სადაც კონკრეტული ადამიანი პიროტექნიკას ისვრის, მინდაძის იდენტიფიცირება არ ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წევრი კი ფარის უკან მინდაძეს ვერ ამოიცნობდა. ადვოკატის თქმით, მისი დაზიანების დროს ექსპერტიზა ზუსტად ვერ ადგენს, ამიტომ მინდაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ მინდაძე პიროტექნიკას რამდენჯერმე ისვრის, სამართალდამცველმა კი ის ამოიცნო. პროკურორის თქმით, დაზარალებულის დაზიანებისას ექსპერტიზის მიერ მითითებულია ის დრო, როდესაც მინდაძემ პიროტექნიკა გაისროლა.
მინდაძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დერეფანში ხმაური იყო. მანდატურებსა და მინდაძის პროცესზე დასწრების მსურველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანდატურებმა დერეფნის შესასვლელი ჩაკეტეს და დარბაზის სიმცირის გამო პროცესზე მხოლოდ 20 ადამიანი შეუშვეს.
გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 29 ნოემბერს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება. მინდაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.