თბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია ვალდებულია, აბონენტებს ქვითარი სახლში მიაწოდოს, რასაც ის არ აკეთებს. „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ დღეს გურჯაანისა და დედოფლისწყაროს სერვისცენტრებში რაიონის სოფლებში მცხოვრები 60 აბონენტი გამოკითხეს, რომელთაგან 56 მომხმარებელს კომპანიისგან ქვითარი საერთოდ არ მიუღია, 3-მა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ქვითარი მაღაზიაში დაუტოვეს, საიდანაც თავად წაიღეს, დარჩენილმა 1-მა აბონენტმა კი ქვითარი სახლში მიიღო.
აბონენტების თქმით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას გადახდის მცოცავი გრაფიკი აქვს. კომპანია თანხის გადახდის ბოლო დღედ ყოველი თვის ხან 16, ხან 17 და ხანაც 19 რიცხვს აწესებს. ქვითრის უქონლობის გამო აბონენტები თანხის დროულად გადახდას ვერ ახერხებენ და მათ ერთი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაშიც კი ჯარიმას აკისრებენ.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანისა და დედოფლისწყაროს სერვისცენტრებში მომხმარებლების პრეტენზიებს არასწორს უწოდებენ. მათი განმარტებით, ისინი აბონენტებს ქვითარს საცხოვრებელ მისამართზე უგზავნიან.