რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიკეთის კეთების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იქადაგა.
როგორც უწმიდესმა აღნიშნა, დღეს ხშირია ადამიანების სულიერი დაცემის შემთხვევები და ცოდვაც ხშირად გაიგივებულია ადამიანების თვისებასთან. „დღეს იქმნება წარმოდგენა, რომ კაცობრიობა მთიდან მიექანება და მას ვერაფერი დააკავებს. ამაზე მეტყველებს ჩვენი დამოკიდებულება სხვა ადამიანებისა და ცოდვის მიმართ. ხშირად ცოდვას ადამიანის თვისებად მიიჩნევენ, თანდათან ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და რა იქნება მომავალში, ღმერთმა იცის“, – ბრძანა პატრიარქმა. სწორედ ამიტომ, უწმიდესის განცხადებით, აუცილებელია, ყველა ადამიანმა სიკეთის გაკეთება იჩქაროს.
ქადაგების დასასრულ პატრიარქმა წარმოშობით ოსი დეკანოზი აბიბოს გუბაევი დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და სიხარული გამოთქვა, რომ საქართველოს ეკლესიის მსახურთა შორის აფხაზები და ოსები მრავლად არიან.