პოლიტიკა
ქსენოფობია - "სამოთხის ვაშლი" მხოლოდ მიშასთვის!

vashliთბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ახლახან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც მას ქსენოფობიური ხასიათის განცხადებებისგან თავის შეკავებას სთხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ქსენოფობიურად ახალი ზღვისპირა კურორტი ანაკლიის საზეიმო გახსნაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიიჩნევენ.

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთსა და და ანაკლიაში არსებული ვითარება ასე დაახასიათა: იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაცია; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება“.

ამ სიტყვების წარმოთქმისას პრეზიდენტი, ალბათ, არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც „ქსენოფობიური“ განცხადებების შემდეგ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან „მოხსნა“, მის ტერმინოლოგიას, რომელიც აქამდეც უდავოდ გამოირჩეოდა ქსენოფობიური ელემენტებით, საზოგადოება უფრო მეტად დააკვირდებოდა და გააკრიტიკებდა. რომ აღარაფერი ვთქვათ „ველურ ზანგებსა“ და „წვერგაუპარსავ თურქ მძღოლებზე“, მისი ანაკლიაში გაკეთებული განცხადებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტი სწორედაც რომ ქსენოფობად მოვიხსენიოთ, რადგან მსგავსი განცხადებების გაკეთება ქვეყნის პირველ პირს უკვე ჩვევაში გადაეზარდა.

რა თქმა უნდა, საზოგადოებას იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ამის გამო ის საკუთარ თავს მოხსნის თანამდებობიდან ან ხელსუფლების სხვა წარმომადგენელს, რომლებიც, ასევე, გამოირჩევიან ქსენოფობიური ელემენტების შემცველი განცხადებებით, თუმცა, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, ბუმბერაზი ხელოვანის – რობერტ სტურუას, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მაინც შეეკავებინა პრეზიდენტს თავი ქსენოფობიური განცხადებებისგან.

აქვე გვინდა, შეგახსენოთ, რომ რობერტ სტურუამ მხოლოდ მის ეთნიკურ წარმომავლობას გაუსვა ხაზი და ამით ახსნა ის გარემოება, რომ სააკაშვილს საქართველო და ქართველები არ უყვარს, რასაც ნამდვილად არ შეიძლება ქსენოფობიური განცხადება ეწოდოს, განსხვავებით პრეზიდენტის არაერთი განცხადებისა, რომლებიც ქსენოფობიის კლასიკური მაგალითებია.

თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, პრეზიდენტს დიდი ხანია, პასუხი აღარაფერზე მოეთხოვება – ერთი მხრივ, მას შეურაცხადსაც უწოდებენ, მეორე მხრივ კი, ქსენოფობია და ყველაფერი მორალურად, ზნეობრივად თუ კანონიერად არასწორი, რასაც ის და მისი ხელისუფლება აკეთებენ, სამოთხის ვაშლია, რომლითაც სააკაშვილი ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, სხვას კი მისი დაგემოვნება „სამოთხიდან გამოძევების“ ფასად უჯდება.