პოლიტიკა
პრეზიდენტის მორიგი ტყუილი, ანუ „მეფის სიტყვა კანონია“

anaklia3ზუგდიდი, 24 აგვისტო, საქინფორმის კორ. კოტე ესართია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქად გამოცხადებული ანაკლია ჯერ კიდევ სოფელია. მიმდინარე წლის 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლების  – ანაკლიისა და განმუხურის –  გაერთიანების შემდეგ მას საკურორტო ქალაქის სტატუსი მიენიჭა, თუმცა განმუხურსაც და ანაკლიასაც ისევ სოფლის რწმუნებულები მართავენ. მათ ამის შესახებ ჩვენთან საუბარში თავად განაცხადეს.

ჯონი მიშველიასა და დავით ცხადაიას გათავისუფლების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ მიუღიათ. ანაკლიის გამგებელ დავით ცხადაიას თქმით, „ის ისევ ასრულებს გამგებლის მოვალეობას და ვინ იქნება გაერთიანებული ანაკლია-განმუხურის ახალი მმართველი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს“.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას თქმით, ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის, საკითხი პროექტის სახით არის და მის დასახვეწად სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კი „ანაკლიას – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რიგით სოფელს – ქალაქის სტატუსი მიენიჭა“. თუმცა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება არც მის ვებგვერდზე და არც „საკანონმდებლო მაცნეშია“ გამოქვეყნებული. არადა, კანონის შესაბამისად, დოკუმენტი იურიდიულ ძალას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ იძენს.

როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა ამჯერადაც იჩქარა – რაც ანაკლიაში სტუმრობისას თავადაც აღნიშნა. მანამ, სანამ დოკუმენტს მოამზადებენ და ანაკლიას იურიდიულად მიანიჭებენ ქალაქის სტატუსს, მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტი ჰაერში გააფორმა.

სწორედ ამაზეა ნათქვამი – „მეფის სიტყვა კანონია“.