აქტუალური
აუქციონზე მიწისქვეშეთიც გაიყიდა

padzemkaთბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ ქალაქში არსებული 35 მიწისქვეშა გადასასვლელი 10-წლიანი იჯარით გასცა. საიჯარო პირობების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია, მიწისქვეშა გადასასვლელში განათავსოს სტანდარტების შესაბამისი სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, უპატრონოს იჯარით აღებულ ქონებას, უზრუნველყოს მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელებისა და შიდასაზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია. თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილი იჯარით აქამდეც იყო გაცემული და მეპატრონე შეძლებისდაგვარად უვლიდა, იქ არსებულ კომერციულ ფართებს აქირავებდა და სოლიდურ შემოსავალსაც იღებდა. მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ძირითადად, ისევ მიწისქვეშა გადასასვლელების ძველი მეპატრონეები მონაწილეობდნენ, ოღონდ ახლა ახალი საიჯარო პირობების შესრულება მოუწევთ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეთა კომფორტულად მიმოსვლისა და უსაფრთხოების მიზნით კეთდება. მოქალაქეები, ვისთვისაც მიწისქვეშა გადასასვლელებში ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, შიშობენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართის ქირა, სულ მცირე, ორჯერ გაიზრდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა მათი კეთილმოწყობის შემდეგ შეიძლება ფასიანი გახდეს, თუმცა მერიის ქონების მართვის სააგენტოში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.