საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სვანეთში სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სვანეთში სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში განხორციელდა ძებნა-შველის ღონისძიებები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან. უმოკლეს დროში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. მეხანძრე-მაშველების მიერ 3 600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა სამი პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.