უცხოეთი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების რეფორმირებას

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. სომხეთი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების რეფორმირებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მირზოიანს ჰკითხეს, ეძებს თუ არა სომხეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგალითად, ევროპაში, არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის არაეფექტურობის შესახებ მისი წინა განცხადების გათვალისწინებით.

მირზოიანმა თქვა, რომ მისი წინა განცხადება ეხებოდა მთლიანად გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში არსებობდა.

„რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ თუ არა რუსეთთან ჩვენი მოკავშირული ურთიერთობების რეფორმირებას, მინდა, ძალიან პირდაპირი პასუხი გაგცეთ: არა. ჩვენი ვალდებულებები, უფლებები და განზრახვები ერთმანეთის მიმართ ნათლად არის დაწერილი, ხელმოწერილი და რატიფიცირებული ქაღალდზე და არავის გაუუქმებია ისინი. ამავე დროს, სომხური მხარის შეშფოთება იმის გამო, რომ განსაზღვრული ქმედებები და მექანიზმები არ მუშაობდა ყოველთვის სრულყოფილად ან ისე, როგორც უნდა ემუშავა, კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს სრულიად სხვა საკითხია“, – აღნიშნა მირზოიანმა.

1tv.ge