საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ტექტონური ძვრების ფონზე, როდესაც რიტორიკა „ევროპა – ნებისმიერ ფასად!“ უწინდელ ელვარებას კარგავს, ხოლო საზოგადოება ღირებულებით დამოუკიდებლობას ეძიებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანთა ხმა, რომლებიც სტრატეგიულ პროცესებს არა იდეოლოგიის, არამედ გამოცდილების, ისტორიული მეხსიერებისა და ანალიტიკური გამჭრიახობის პრიზმით განჭვრეტენ.
დღევანდელი საუბარი საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ გენერალურ დირექტორსა და მთავარ რედაქტორთან, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელ არნო ხიდირბეგიშვილთან – ესაა საუბარი მომავალზე, სადაც საქართველო წყვეტს „გეოპოლიტიკური ობიექტის“ როლს და იწყებს დიალოგის ხელახლა აგებას – როგორც მეზობლებთან, ისე საკუთარ თავთან – თაობასთან, რომელიც შიშით დაიღალა. ვსაუბრობთ თაობებს შორის უფსკრულზე, მეხსიერების დიპლომატიაზე, ყალბ ვექტორებსა და ნამდვილ ხიდებზე.
– ბატონო არნო, თქვენი აზრით, რეალურად რა უშლის ხელს დღეს ქართველებსა და აფხაზებს, რომ უბრალოდ, უშუალოდ დაელაპარაკონ ერთმანეთს – ყოველგვარი შუამავლების და ხმაურიანი ლოზუნგების გარეშე? ეს საერთოდ შესაძლებელია?
– ძალიან კარგი კითხვაა, თუმცა, სამწუხაროდ, პასუხი არც ისე მარტივია. რა გვიშლის ხელს ჩვენ – ქართველებსა და აფხაზებს, რომ უბრალოდ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ? ფორმალურად – არაფერი. მაგრამ არაფორმალურად – ბევრი რამ, და ეს ყველაფერი – ჩვენს გონებაში, ჩვენს შიშებშია, იმ ძალადობრივ მეხსიერებაში, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკა ჩაანაცვლა.
ყველაზე მთავარი დაბრკოლება – აუმეტყველებელი წარსული და ჩამოუყალიბებელი მომავალია. ათწლეულებია ერთმანეთს დანაკარგების, ტკივილისა და ურთიერთბრალდების პრიზმით ვუყურებთ. არ ვცხოვრობთ რეალურ კონტაქტში – ვცხოვრობთ ინტერპრეტაციებში: „რას იტყვიან ისინი“, „როგორ მიიღებენ“, „ისევ ხომ არ გვიღალატებენ?“ და ა.შ. ამ უნდობლობის ატმოსფეროში ნებისმიერი სიტყვა ეჭვით აღიქმება, ნებისმიერი დაახლოების მცდელობა – სისუსტედ. და სანამ ამ ფსიქოლოგიურ სარჩულს არ შევცვლით, არცერთი კონფერენცია, მემორანდუმი და კეთილი ნების მისია არ იმუშავებს.
დიახ, დარწმუნებული ვარ: დიალოგი შესაძლებელია და, მეტიც – გარდაუვალია. რადგან აფხაზები და ქართველები ერთმანეთისგან მთით გამიჯნულად უბრალოდ ვერ იცხოვრებენ. ეს დაამტკიცა ომმა, ბლოკადებმა, სანქციებმა და დანგრეულმა ინსტიტუტებმა. ჰორიზონტალური კავშირების – ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ოჯახური და სულიერი კავშირების – აღდგენამდე არ იარსებებს არც აფხაზეთი და არც ერთიანი საქართველო. იარსებებს მხოლოდ გარე კურატორები და დაკარგული თაობა.
მაგრამ უნდა დავიწყოთ არა დიდი ხელშეკრულებით ან პოლიტიკური დეკლარაციებით, არამედ წყნარი ნაბიჯებით “step by step”, როგორც იაპონურ დიპლომატიაშია: ახალგაზრდა ექიმებისა და პედაგოგების ერთობლივი პროექტები. აფხაზური დიპლომების და მართვის მოწმობების აღიარება მთელ საქართველოში – ყოველგვარი იდეოლოგიისა და პირობითობების გარეშე. ოჯახური კონტაქტების აღდგენა, განსაკუთრებით შერეულ ქორწინებებში, ერთობლივი გამოფენები, სტუდენტური ექსკურსიები, ახალგაზრდა მოხალისებების ბანაკები – ტაძრებისა და ხიდების ნანგრევებზე. როგორც პირდაპირი, ისე მეტაფორული გაგებით.
აფხაზეთი და საქართველო ხანდაზმულ წყვილს ჰგვანან, რომელიც სხვადასხვა ოთახში დააბინავეს. და მხოლოდ უბრალო, ცოცხალ, არაფორმალურ საუბარს შეუძლია დააბრუნოს სითბო. და არა აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე იმეტყველებენ – მთავარია, რომ ხმა იყოს ცოცხალი, და არა ოკეანისგაღმა ჩაწერილი ფონოგრამა.
თუმცა არიან ისინიც, ვისთვისაც ეს ხელსაყრელი არაა. მათთვის მტრობა კონტროლის იარაღია. ამიტომ, ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა – უნდა გავიხსენოთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენ არავის ვაინტერესებთ ისე, როგორც ჩვენ გვაინტერესებს ერთმანეთი.
და სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, ყველა საუბარი დაიწყება არა სალამით - „გამარჯობა“, არამედ მოთხოვნით - „დამიმტკიცე, რომ მტერი არ ხარ“. არადა, დროა უბრალოდ ვთქვათ: „მისმინე, ძმაო, მოდი უბრალოდ ვიცხოვროთ. ერთად. დავიღალეთ სხვისი გეოპოლიტიკის ობიექტებად ყოფნით!“. აი მაშინ კი დაიწყება ცხოვრების რიტმი – არა ქაღალდით დამყარებული მშვიდობა ხელშეკრულებით შეკრული ხელებით, არამედ ნამდვილი, სადაც იარაღი ამოვარდნილია და უმაქნისი.
– თქვენ ხშირად საუბრობთ ახალგაზრდობაზე, როგორც მთავარ იმედზე. მაგრამ როგორ უნდა შთავაგონოთ ახალგაზრდები საქართველოში, აფხაზეთსა და რუსეთში, თუკი მათ ბავშვობიდან ზრდიან სხვადასხვა საინფორმაციო ველში და ერთმანეთის შიშით?
– მართალი ხართ – სწორედ ახალგაზრდობა უნდა გახდეს მშვიდობის მთავარი იმედი, და არა სხვისი საელჩოების შტაბებში მყოფი პენსიონერები. მაგრამ მართებულად აღნიშნეთ მთავარი დაბრკოლებაც: ახალგაზრდებს საქართველოში, აფხაზეთსა და რუსეთში ზრდიან სხვადასხვა საინფორმაციო ველში, რაც მათ უნდობლობასა და, რაც ყველაზე საშიშია, შიშს უნერგავს. შიშს სხვის წინაშე, რომელიც სინამდვილეში შენი მეზობელია, შენი თანატოლი, რომელთანაც ოდესღაც ერთ გუნდად თამაშობდი ეზოში, დღეს კი მასთან გამოლაპარაკებაც გაფრთხობს...
– და როგორ უნდა შთავაგონოთ ისინი?
– პირველ რიგში, უნდა გავწყვიტოთ შიშის ჯაჭვი. შიში ყოველთვის უმეცრების შედეგია. ჩვენ გვეშინია არა იმათი, ვინც რეალურად საშიშია, არამედ მათი, ვის შესახებაც არაფერი ვიცით. პროპაგანდა ერებს იზოლაციაში აქცევს, როგორც ზოოპარკში, და უნერგავს ახალგაზრდებს: აქაოდა, კედლის მიღმა მხეცები ცხოვრობენ! არადა, საკმარისია ჭიშკარი გაიხსნას – აღმოაჩენ, რომ მეზობელ გალიაშიც ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც უსმენენ იმავე მუსიკას, თამაშობენ იმავე ვიდეოთამაშებს, უყვართ იგივე ფილმები და... უბრალოდ სურთ იცხოვრონ!
ამიტომ, პოლიტიკური ფორმატების ნაცვლად ნდობის ჰუმანიტარული კორიდორები უნდა შევქმნათ: ახალგაზრდობის გაცვლა, ბანაკები, კონფერენციები, სტუდენტური პროექტები, ეკოლოგია და ბიზნესი – უდროშოდ, მხოლოდ სახელებით!
მეორე – საჭიროა ეროვნული ნარატივების გადატვირთვა. საქართველო არ უნდა შეუშინდეს საკუთარი შეცდომებით გამოწვეული ტკივილის აღიარებას, აფხაზეთი – სხვისი დანაკლისის ტკივილის ცნობას, რუსეთი – დაკარგული ძმობის ტკივილს. მხოლოდ ერთმანეთის თვალებში ჩახედვით შეიძლება გაუცხოებული ადამიანების მომავლის თანაავტორებად ქცევა. ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ: სიმართლე არა რეიტინგებისთვის დაწერილ სახელმძღვანელოებში, არამედ ცოცხალი ადამიანების მეხსიერებაშია. აფხაზმა მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ქართველ დედასაც უტირია, რუსმა კი შეიტყოს, რომ თბილისში 9 აპრილს სისხლი დაიღვარა.
მესამეც – უნდა შთავაგონოთ არა ოცნებით ევროპაზე, არამედ საერთო კავკასიის რეალობით. მშვიდობის იდეები არ უნდა იყოს აბსტრაქტული. ისინი უნდა იყოს შეგრძნებადი – როგორც Wi-Fi, როგორც ხელფასი, მოგზაურობა სოჭში, თბილისში და სოხუმში – პასპორტებით, დამცირების გარეშე. ახალგაზრდობას ლექციები ვერ შთააგონებს. მას შთააგონებს თავისუფლების გრძნობა – საუბრის, სიყვარულის, მოგზაურობის, მშენებლობის თავისუფლება. ამიტომ შიშზე საუკეთესო პასუხი – ერთობლივი სტარტაპებია, კრეატიული ინდუსტრიები, ციფრული პლატფორმები, სადაც ქართველები, აფხაზები და რუსები ერთად მუშაობენ.
და ბოლოს: შიშს მხოლოდ სიყვარული ართმევს ძალას! არა პათეტიკური ან დიპლომატიური, არამედ ადამიანური. რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ქორწილები, საერთო სასაფლაოები, საერთო ეკლესიები, საერთო სამზარეულო და საერთო სიმღერები. სანამ მღერიან ძველ სიმღერებს – რუსულად, აფხაზურად და ქართულად – ჩვენ ვცოცხლობთ! სანამ სოხუმელი ბიჭი ოცნებობს ფილმის გადაღებაზე თბილისის შესახებ, ხოლო გორელი გოგო – ფესტივალზე ცეკვაზე სანქტ-პეტერბურგში – შანსი გვაქვს! ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტ-პროპაგანდის გაძლიერება კი არა, გულებს შორის ხიდების აგება გვჭირდება. რათა ახალგაზრდებს არ ეშინოდეთ თვითგამოხატვისა და ერთად ყოფნის. მხოლოდ მაშინ ჩვენ უბრალოდ კი არ დავაბრუნებთ წარსულს – ავაშენებთ საერთო მომავალს.
– ბოლო წლებში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის – რიტორიკასა და განწყობებშიც. როგორ ფიქრობთ, მართლაც მზად არის ქართველი საზოგადოება, რომ გადახედოს საკუთარ ორიენტირებს და აღარ იცხოვროს ოცნებით „ევროპა ნებისმიერ ფასად“?
– დიახ, ბევრი რამ შეიცვალა – არა მხოლოდ რიტორიკაში, არამედ ხალხის გულებში. და ეს უბრალოდ ქანქარას მერყეობის შედეგი არ არის, ეს ტექტონური ძვრაა. საქართველო, რომელიც დაიღალა ევროილუზიათა პიონერობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად დაფიქრდა: რა დგას სინამდვილეში „ღისებულებებისა“ და „ცივილიზაციური არჩევანის“ შესახებ ხმამაღალი გამონათქვამების უკან, რატომ იჩენს თავს ევროპული ვიტრინების მიღმა ორმაგი სტანდარტები, გარე მმართველობის დიქტატი, ტრადიციების ძირგამოთხრა და იდენტობის წაშლა.
ქართველი საზოგადოება ანტიევროპული სულაც არ არის. ის არის მეგობრობის, თანასწორი პარტნიორობისა და კულტურული გაცვლის მომხრე. მაგრამ სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებს: ინტეგრაციის სახელით მას პარტნიორობას კი არა, მორჩილებას სთავაზობენ. ევროატლანტიკური ვექტორი აღმოჩნდა დერეფანი კარის გარეშე: იქ, სადაც თავისუფლებას გვპირდებოდნენ – ცენზურა დამყარდა, სადაც ინვესტიციებს ველოდით – მოვიდა გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სადაც მშვიდობისკენ მოგვიწოდებდნენ – შიდა კონფლიქტები გაღვივდა. და შედეგად მივიღეთ: ეროვნული დამცირება, ეკლესიის დელეგიტიმაცია, დაკარგული თაობები, ახალგაზრდობის გაქცევა და ისტორიული კოდის გარღვევა.
ქართველები, როგორც ერი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი და მართლმადიდებლური მეხსიერებით, სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას: რატომ უნდა ვიყოთ იმ კლუბის ნაწილი, სადაც ჩვენს სიწმინდეებს აბუჩად იგდებენ და ჩვენი სუვერენიტეტისათვის ბრძოლა „დემოკრატიისთვის“ ხელისშემშლელად ითვლება?
პასუხი მარტივია: ვექტორი არ უნდა იყოს გეოპოლიტიკური – ის უნდა იყოს ღირებულებითი. და ეს ღირებულებები საქართველოს ტრადიციულად უზიარებია რუსეთთან – არა მხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც. რუსეთი – არ არის „მტერი“, როგორც ამას გრანტიანი მედია წარმოაჩენს, არამედ უახლოესი მეზობელია, მოკავშირე ერი, რომელთანაც ქართველებს ზიარი ჭერი, პური, კულტურა და გამარჯვებები ჰქონდა!
ამიტომ – დიახ, საქართველო მზადაა ორიენტირების გადასახედად. არა შიშისგან, არამედ სიმწიფის გამო. რადგან ოცნება - „ევროპა ნებისმიერ ფასად!“ - გადაიქცა ნაბახუსევად, და მის ადგილს იკავებს გააზრებული სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, სტრატეგიული ბალანსისა და გულწრფელი პოლიტიკისკენ.
საზოგადოება მზადაა მოუსმინოს მათაც, ვინც რუსულად საუბრობს და მათაც, ვინც ვაშინგტონთან კავშირში არაა. საზოგადოებას სურს და აქვს უფლება, იოცნებოს საქართველოზე – და არ იქცეს პაიკად სხვის თამაშში.
დიდი ილუზიების დრო დასრულდა. დგება დიდი გულწრფელობის ეპოქა. და საქართველო, როგორც ყოველთვის, იმ გზას აირჩევს, სადაც უფრო ხმამაღლა კი არ გაჰყვირიან – არამედ მეტად პატივს სცემენ.
ესაუბრა აბულფაზ ბაბაზადე, «Бакинский рабочий»
22.05.2025
თბილისი – ბაქო