საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
„… ამბობს დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის 1 120 000 ამომჩეველს დამნაშავესა და ინფექციას უწოდებს.
ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ თავისი ფაშისტური განცხადებებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა: „გვაშფოთებს, რომ საქართველოში, ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება“. ამასთან, იუკნევიჩიენემ იმედი გამოთქვა, რომ „მეგობარი აქტს“ სენატიც მხარს დაუჭერს და აშშ-ის პრეზიდენტიც მოაწერს ხელს.
„ჩვენ ველოდებით „მეგობარი აქტის“ დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, რომელიც სანქციების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს. წარმომადგენლობითმა პალატამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სენატიც იმავეს იტყვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს „მეგობარი აქტს“, რომელიც, ჩემი აზრით, იქნება სერიოზული ბიძგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები უფრო აქტიური იქნებიან. ამ ანგარიშში მათაც ვაკრიტიკებთ, რომ სანქციების კუთხით საკმარისად აქტიურები არ არიან და მოვუწოდებთ მათ, ეს მოთხოვნა შეასრულონ. ჩვენ ისევ დავასახელეთ ის ადამიანები, რომლებიც მეტწილად არიან პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი საქართველოში მდგომარეობის გაუარესებაზე. „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ ეშინია, არამედ სასოწარკვეთილი არიან. ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილში სტრიქონებს შორის ამოვიკითხე, რომ ისინი სასოწარკვეთილი არიან და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა გავაძლიეროთ. გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება. მჯერა, რომ წარმომადგენლობით პალატაში ეს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს სენატზე და ისინიც მიიღებენ ამ კანონს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, რასა იუკნევიჩიენემ 30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.