პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საბავშვო ევროვიზიისთვის საქართველოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ეწვევიან

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსისთვის საქართველოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ღონისძიება კი ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კონკურსის მონაწილეები კონკურსამდე ათი დღით ადრე ჩამოვლენ საქართველოში და ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გაეცნონ ქართულ კულტურას.

ბოლო 16-17 წლის განმავლობაში, რაც საქართველო პირველად გახდა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მონაწილე, საქართველო ამ კონკურსზე არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპის ქვეყნებში. ყველაზე მეტი გამარჯვება და სერიოზული შედეგები აქვს. როგორც იცით, 2024 წელს ანდრია ფუტკარაძემ რეკორდული ქულებით მოიპოვა გამარჯვება. ასეთი რამ მანამდე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საქართველომ მოიპოვა კონკურსის 2025 წელს მასპინძლობის უფლება, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოში, სულ მცირე, 12, მაქსიმუმ, 20 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა. ღონისძიება გაიმართება ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში. გვექნება გრანდიოზული შოუ, რასაც ერთობლივად ვაორგანიზებთ. ასევე საქართველოში ჩამოვა 100-მდე ჟურნალისტი. მონაწილეები თავიანთ გუნდებთან, შემადგენლობებთან ერთად საქართველოს კონკურსამდე ათი დღით ადრე ეწვევიან. მათ ექნებათ საშუალება, კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ჩვენი ქვეყანა, ეზიარონ ჩვენს კულტურას. ქართველ მაყურებელს ნამდვილად დაუვიწყარი შოუ ელოდება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს.