აქტუალური
ეროვნული ბანკი: მარტში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 29.1%-ით შემცირდა, ევროკავშირიდან და აშშ-დან კი გაიზარდა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 8.5%-ით, 32.1 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები 12.3%-ით გაიზარდა და 131.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც პრაქტიკულად რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება დააბალანსა.

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 29.1%-ით, 37.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, თუმცა 21.7%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (45.1%), აშშ (18.8%) და რუსეთი (13.0%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი“, — აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.