საქართველო 7 მაისი, საქინფორმი. გუშინ მართლმადიდებელმა ეკლესიამ გიორგობა აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად ითვლებოდა და საქართველოში განსაკუთრებული სიყვარული სარგებლობდა.
გადმოცემის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის პერიოდში, წმინდა გიორგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანთა დევნის დაწყების შემდეგ მან იმპერატორს დაუპირისპირდა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. მრავალგვარ სატანჯველს შორის, მას ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.
გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. 23 ნოემბრის დღესასწაულს ქართულ გიორგობას უწოდებენ, რადგან იგი სხვა ეკლესიებში საქართველოდან გავრცელდა.