საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. სპეციალური პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, 23 იანვარს საკანში პატიმარს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში ნანახი იყო იატაკზე, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა კლინიკაში.
მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ საბოლოო დასკვნა და გარდაცვალების მიზეზი ცნობილი იქნება ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზისა და გამოძიების დასრულების შემდეგ.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით, გვსურს, გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები. როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც, სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას. კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა. ერთი საინტერესო დეტალიც, იმავე კვლევით, სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა, ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე. რაც შეეხება პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს – სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ. ფორმა100 წარმოადგენს კლინიკის საბოლოო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა, აბსურდია. საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ადამიანური ტრაგედიით მანიპულირება“, – აღნიშნავს მალხაზ ურთქმელიძე.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.