თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. როგორც გავლენიანი გამოცემა „Fox News“ სტატიაში სათაურით – „ფილმო, ობამას შენი ნახვა არ სურს“ – წერს, ჰოლივუდელი რეჟისორის – რენი ჰარლინის, ფილმი „აგვისტოს 5 დღე“ უახლოეს მომავალში თეთრი სახლის წარმომადგენელთა დაინტერესების საგანი ვერ გახდება, რადგან, როგორც სტატიის ავტორი, „Heritage Foundation“-ის ანალიტიკოსი ჯეიმს ჯეი კარაფანო აღნიშნავს, ფილმი აშკარად პროქართულია, შესაბამისად, ის ვერ დააინტერესებს ობამას, რომელიც ძირითად საგარეო პოლიტიკურ წარმატებად რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის დაწყებას მიიჩნევს.
ავტორი წერს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულებას სკეპტიკოსები პროგნოზირებდნენ. ანალიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ეს შესაძლოა, ქართველების მიერაც ყოფილიყო ორგანიზებული, რათა შემდგომ ამაში რუსეთი დაედანაშაულებინათ.
თუმცა სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ, თუ ეს მართლაც ქართველების მოწყობილი იყო, მისი სცენარი აუცილებლად ამერიკაში მომზადდებოდა.
სტატიის დასასრულ კარაფანო ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, „აგვისტოს 5 დღის“ აუდიტორიის რა ნაწილი ნახავს ფილმს ზაფხულის ამ ცხელ დღეებში. „ადმინისტრაცია ამ დრომდე ცდილობს ფილმი მნიშვნელოვან ბლოკბასტერად წარმოაჩინოს, თუმცა რეცენზენტები მას უარყოფითად – დაბლა დაწეული ცერა თითით, აფასებენ“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.