პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თამარ კინწურაშვილი დეზინფორმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. თამარ კინწურაშვილი დეზინფორმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, რომელიც შეაფასეს, როგორც მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ერთ-ერთი გმირი. ეს ქვეყნის დაცინვაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილს პრემია მიანიჭა.

საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცინვაა, როცა კრიმინალები მედიამენეჯერები ხდებიან და კრიმინალებს მედიაგმირებად აქცევენ. გვახსოვს, გვარამია მედიამენეჯერად როგორ აქციეს. კეზერაშვილზე არაფერს აღარ ვამბობ, რადგან ის კრიმინალების მეფეა, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთ „მამად“ იქცა. თამარ კინწურაშვილი დეზინფორმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, რომელიც შეაფასეს, როგორც მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ერთ-ერთი გმირი. ეს ქვეყნის დაცინვაა. ამიტომ ნურავის უკვირს მკაცრი რეაგირება, როცა ევროპული ფასეულობების სრული განულება ხდება. მოქალაქეები ხედავენ – თურმე შეგიძლია, იყო დეზინფორმაციის, ტყუილების გამავრცელებელი და ორგანიზაციები, რომლისკენაც ვისწრაფვით და კანონმდებლობის დაცვის გარანტორებად წარმოგვიდგენია, ასეთ კრიმინალებს ჯილდოებს აძლევენ. ვინმე საქართველოში ევროპულ ფასეულობებს ძირს თუ უთხრის, სწორედ ეს ინსტიტუტები და ასეთი ქმედებებია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.