საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა, განაცხადა სამინისტრომ 24 აპრილს.
შსს-ს ინფორმაციით, როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. „როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს“, – აცხადებს შსს.
მესხი პირველი მოადგილის პოსტზე შალვა ბედოიძეს ცვლის. ეს უკანასკნელი დიდი ბრიტანეთისა და ბალტიის ქვეყნების მიერაა დასანქცირებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიციის მიერ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამჟამად შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიერაა დასანქცირებული.
30 იანვარს, პოლიციის სისასტიკის თაობაზე მზარდი საერთაშორისო კრიტიკისა და სამართალდამცველების დასანქცირების ფონზე, “ქართული ოცნების” არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის ბედოიძე, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.