საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და სატრანზიტო როლი, ასევე რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები.
„მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გლობალური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც კონფლიქტების მოგვარების, ისე საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ და გაერო-სთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს.