საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. „საქსტატის“ მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5.62 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 20.1%-ით, 4.22 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2.82 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%-ია.
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (654.4 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (587.3 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (512.9 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით – 622.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 14.8%); მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული), რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი (11.4%) შეადგინა. ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-მარტში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს 54.7 მლნ აშშშ დოლარით (3.9%), ხოლო მესამე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).