უცხოეთი
რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობა დაუშვა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელი და რუსეთის ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობის აკრძალვა შეაჩერა.

"რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებულია აქამდე დადგენილი აკრძალვა მოძრაობა თალიბანის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულთა ერთიან ფედერალურ სიაში," – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ ნეფედოვმა.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ და პირადად ნეფედოვმა მცირე ხნის წინ LGBT მოძრაობები ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. ეს გადაწყვეტილება გახდა 2024 წლის დეკემბერში ძალაში შესული სამართლებრივი ჩარჩოს პირველი შემთხვევა. ეს სამართლებრივი ნორმა შესაძლებლობას იძლევა, დროებით შეჩერდეს ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას იძლევა დროებით შეჩერდეს იმორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციათა ერთიან სიაში. მაშინ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი განმარტავდა, ეს კანონი თალიბანთან კანონიერ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიდა.

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის განცხადების საფუძველზე. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია, რომ შესაბამისმა ჯგუფმა შეწყვიტა ტერორისტული საქმიანობა, პროპაგანდა, ტერორიზმის გამართლება ან მხარდაჭერა, ასევე სხვა სისხლის სამართლის დანაშაულები.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი ტერორისტთა სიაში შედიოდა და მათი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული იყო, დაჯგუფების დელეგაცია რუსეთს რამდენჯერმე ესტუმრა და ოფიციალური შეხვედრები გამართეს. 2024 წლის ნოემბერში ავღანეთს მოსკოვიდან ესტუმრა დელეგაცია, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი შოიგუ მეთაურობდა. აქამდე, 2024 წლის აპრილში თალიბანის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებაზე მსჯელობა დაიწყო.

tabula.ge