პუბლიკაციები
ჯეფრი საქსი: მჯერა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ როგორც დერეფნების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზე

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მჯერა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, ვინაიდან ეს რთული რეგიონია, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიიჩნევს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს.

ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, შიდა საქმეები იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან თუ სხვა მხრიდან მოდის; მეორე – მჯერა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს. მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება ნამდვილად არ იყო კარგი“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ამასთან, ამერიკელი პროფესორის შეფასებით, რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა აშშ-ის მიერ საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება.

ისტორიულ ჭრილში, გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც აშშ-მა საქართველოში ნატო-იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნატო შორს უნდა დარჩენილიყო უკრაინიდანაც და ახლა მთელი მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან ჯერ ეს უკიდურესი დაძაბულობა და ახლა ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის“, – აღნიშნა საქსმა.