სამართალი
დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების პაკეტი ბრიტანეთმა გამოაცხადა „საქართველოს ოთხი მოქალაქის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.

„დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს. ასევე, საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები. გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ. სანქციები, მათ შორის, დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.

გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედებებით. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

დღევანდელი განცხადება 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ, ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს თანამდებობის ხუთ პირს დაუწესა, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის.

ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია, დაიცვას ადამიანის უფლებები, რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთოების დასაცავად – ეს პრემიერ-მინისტრის „ცვლილებების გეგმის“ ფუნდამენტური ნაწილია.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ „მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო“.

100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ. დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას იქამდე, ვიდრე საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადება და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენატარი სოციალურ ქსელში საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.