სამართალი
დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულ პირთა სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა განახლებული სანქცირებული პირების სია, რომელშიც დამატებით ოთხი საქართველოს მოქალაქეა შეყვანილი.

სანქციები გავრცელდა შემდეგ მაღალჩინოსნებზე: გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი კარლო კაციტაძე.

„შავ სიაში“ მოხვედრა გულისხმობს ფინანსური სანქციების დაწესებას ამ პირთა მიმართ — მათ ფინანსურ აქტივებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომა განულდება. ასევე, იკრძალება მათთან ნებისმიერი სახის ფინანსური თანამშრომლობა. სანქციების დარღვევა ან მათი გვერდის ავლით მოქმედება კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გლობალური სანქციების რეჟიმი შემუშავდა სანქციების შესახებ კანონის შესაბამისად (Sanctions and Anti-Money Laundering Act 2018) და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების, კერძოდ — ანგარიშების გაყინვის, დაწესებას.

ცნობისთვის, 2024 წლის 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიას ვახტანგ გომელაური, სულხან თამაზაშვილი, მილერ ლაგაზაური, ზვიად ხარაზიშვილი და ალექსანდრე დარახველიძე დაამატა. ხოლო 2025 წლის 2 აპრილს სიაში შეიყვანეს მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.