აქტუალური
ეროვნული ბანკი: თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 275 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი, თითქმის 383 მილიონი ლარით შემცირდა

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 108.11 მილიონი ლარით, ანუ 0.17%-ით შემცირდა და თებერვლის ბოლოს 62.58 მილიარდი ლარი შეადგინა.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.43% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.56 მილიონი ლარით, ანუ 0.78%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 383.66 მილიონი ლარით, ანუ 1.40%-ით შემცირდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.61 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.24%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 17.89 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.42%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის განმავლობაში 0.39%-ით, ანუ 122.98 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 32.06 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.86% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.538 პროცენტული პუნქტით.