უცხოეთი
ტრამპი ბირთვულ იარაღზე დაგეგმილი მოლაპარაკების წინ ირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკების წინ ირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება.

"თუ საჭიროება მოითხოვს სამხედრო მოქმედებებს, მაშინ იქნება სამხედრო მოქმედებები. ისრაელი, ცხადია, ამის სათავეში იქნება. ჩვენ არავინ გვმართავს. ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა" – ამბობს ტრამპი.

აშშ-სა და ირანს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი.

მოგვიანებით, გამოცემა Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, "პროგრესისადმი მცირე იმედით და აშშ-ს მიმართ ღრმა ეჭვებით" უყურებს.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს სამხედრო მოქმედებები.

"არ მინდა კონკრეტული პასუხის გაცემა. მაგრამ როდესაც იწყებ მოლაპარაკებებს, ხვდები, ის კარგად მიდის თუ არა. ვიტყოდი, რომ დასკვნა გვექნება მაშინ, როდესაც დავინახავ, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიმდინარეობს" – თქვა ტრამპმა.

გუშინ, 9 აპრილს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, აშშ ირანში მოქმედ ხუთ სუბიექტსა და ერთ პირს ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერისთვის დაასანქცირებს, ხოლო მიღებული ზომების მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელის შეშლაა.

განცხადებაში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ხსენებული სუბიექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მანამდე უკვე დასანქცირებული ორი ობიექტის - ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციისა (AEOI) და მის დაქვემდებარებაში მყოფი ირანის ცენტრიფუგის ტექნოლოგიური კომპანიის (TESA) - მხარდაჭერაში.

NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.

"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.

7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.

ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.

tabula.ge